მთავრობის წევრები რუსეთთან ურთიერთობებზე, კონფლიქტებზე საუბრობენ

დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მთავრობის წევრებმა აღნიშნეს, რომ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებაზე.


“ჩვენ ქვეყნის ინტერსების ხარჯზე რუსეთთან დათმობებზე წასვლას არ ვაპირებთ“, – განაცხადა დღეს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და აღნიშნა, რომ ბაზების გაყვანაზე შეთანხმება რუსეთთან კარგი ურთიერთობის მაგალითია, თუმცა “არის საკითხები რაზეც საერთო პოზიციაზე ვერ ვყალიბდებით”.


საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა აღნიშნა, რომ არ არის კმაყოფილი რუსეთთან არსებული ურთიერთობების დონით, “მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ კვლავ, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს, გახდეს ტრანსპარენტული“.


“აშკარაა, რომ რუსეთი კონფლიქტებთან მიმართებაში არ არის ნეიტრალური ქვეყანა, რუსეთი არის დაინტერესებული მხარე ვინაიდან ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ფაქტი იმისა, თუ როგორ ახორციელებს რუსეთი ნაბიჯ–ნაბიჯ ანექსიის პოლიტიკას“, – აცხადებს ბეჟუაშვილი.


იგი ხაზს უსვამს, რომ საქართველო კონფლიქტების მოგვარებას მშვიდობიანი გზით აპირებს.


“[სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების] სამშვიდობო გეგმა არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვუდგებით ჩვენ ამ პრობლემების გადაწყვეტას. გეგმა მუშაობს მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან ბევრი ობსტრუქცია ხვდება წინ, არის ტენდენცია იმისა, რომ პროცესი გაიწელოს“, – აცხადებს გელა ბეჟუაშვილი.


მისი თქმით, მთავრობა ასევე მუშაობს აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საგზაო რუკაზე, რომელიც იქნება სამხრეთ ოსეთზე ანალოგიური დოკუმენტის მსგავსი შინაარსის, “რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს აფხაზ კოლეგებს და ერთად მივიღებთ დოკუმენტს, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს საბოლოო ჯამში ამ პრობლემის გადაწყვეტამდე“.


საქართველოს მთავრობა ემზადება დონორთა კონფერენციისათვის, რომელიც ბრიუსელში ჩატარდება მაისში, სადაც ბეჟუაშვილის განცხადებით, “ჩვენ კონკრეტულ პროექტებს დავუდებთ დონორებს და გამოყოფილი იქნება სოლიდური თანხები იმისათვის, რომ დაიწყოს [სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის] ეკონომიკური რეაბილიტაცია პარალელურად იმისა, რაც მიმდინარეობს დემილიტარიზაცია, ახალი სამშვიდობო და მოლაპარაკებების ფორმატების ჩამოყალიბება“.


კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადებით, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ამ ეტაპზე პროვოკაციები ნაკლებად მოსალოდნელია.


მან ასევე კომენტარი გააკეთა ცხინვალის ბოლოდროინდელ განცხადებებზე, რომელიც ეუთოს მისიის წინააღმდეგ არის მიმართული და ამ ორგანიზაციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. 


“ნათელია, რომ არის მცდელობა და სამზადისი მიდის ეუთოს საქმიანობის შეკვეცის და მათ წინააღმდეგ პროვოკაციების განხორციელების, მაგრამ ჩვენ შევიძინეთ გამოცდილება, როგორ დავუპირისპირდეთ მსგავს ქმედებებს“, – განაცხადა 26 აპრილს გიორგი ხაინდრავამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version