შსკ-ს სხდომა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადებით, ვლადიკავკაზში 27–28 მარტს შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე მხარეებმა მთელ რიგ საკითხებზე კონკრეტულ შეთანხმებებს ვერ მიაღწიეს, თუმცა დადგინდა, რომ შსკ-ს მომდევნო სხდომა ცხინვალში, აპრილის მეორე ნახევარში გაიმართება, იუწყება “რია ნოვოსტი“.


სახელმწიფო მინისტრის თქმით, ვერ მოხერხდა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შემუშავებული სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმის განხილვა.  


“ასეთი საკითხები კი სამწუხაროდ ძალიან ბევრია…თუმცა მთავარი შედეგი ის არის, რომ მხარეებმა შეძლეს პროცესის ადგილიდან დაძვრა“, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ.


სააგენტო “რეგნუმის” ცნობით, გიორგი ხაინდრავამ სხდომაზე კვლავ დააყენა კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსი სამშვიდობოების გაყვანის საკითხი, რასაც არ დაეთანხმა შსკ–ს სამხრეთ ოსური მხარის თანათავმჯდომარე ბორის ჩოჩიევი.


ჩოჩიევის თქმით, ოსური მხარე არასდროს იქნება რუსი სამშვიდობოების გაყვანის მომხრე, “რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version