რუსეთის საგარეო უწყება ეუთოს მოსკოვის შსკ-ს სხდომაზე არყოფნის გამო აკრიტიკებს

20 თებერვალს გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ეუთო იმის გამო, რომ ორგანიზაციამ მოსკოვში წარმომადგენლები არ გააგზავნა შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად.


შსკ-ს სხდომა მოსკოვში ორშაბათს გაიხსნა რუსეთის, სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით. სხდომაში ასევე იღებს მონაწილეობას შერეული სამშვიდობო ძალების მეთაური მარატ კულახმეტობი. ქართული მხარე სხდომას არ ესწრება.


“რა თქმა უნდა, ქართული დელეგაციის არყოფნა მოსკოვში საწყენია. თუმცა, ჩვენ სიტუაციის დრამატიზებას არ ვახდენთ, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ რუსეთის თანათავმჯდომარეს ადრეც უხდებოდა ცალკეული შეხვედრების გამართვა ქართულ და სამხრეთ ოსურ მხარეებთან. ისინი, როგორც წესი, შედეგიანი იყო. იმედები სასიკეთო პერსპექტივებზე ახლაც არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა თანათავმჯდომარე ერთიანია დღის წესრიგში არსებული ამოცანების პრიორიტეტულობის განსაზღვრაში. ეს ამოცანებია: შეთანხმების მიღწევა ერთობლივი მუშაობის დაწყებაზე შსკ-ს ფარგლებში კონფლიქტის მოგვარების ერთობლივ ქართულ-ოსურ პროგრამაზე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.


“უცნაურია სხვა საკითხი – ეუთოს წარმომადგენლების არყოფნა მოსკოვში“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.  


“ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს არა მარტო დაავიწყდათ ელემენტალური დიპლომატიური თავაზიანობის შესახებ, არამედ, რაც უფრო სერიოზულია, ფაქტიურად გამორიცხეს საკუთარი თავი შსკ-ს ფარგლებში  ვითარების განმუხტვის მიზნით მიმდინარე დაძაბული მუშაობიდან. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს საქართველოში ეუთოს დამკვირვებელთა მისიის პროფესიონალიზმის დაბალი დონე, რაც კონფლიქტის ზონაში ბოლოდროინდელი ინციდენტების გამოძიების დროს გამოვლინდა. იბადება კითხვა ამ ორგანიზაციის წარმომადგენელთა მზადყოფნისა მიუკერძოებლად და ობიექტურად იმოქმედონ და ადექვატური რეაგირება მოახდინონ არსებულ გამოწვევებზე“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version