გრიზლოვი საქართველოს პარლამენტის დადგენილებას გმობს

რუსეთის სათათბიროს სპიკერმა ბორის გრიზლოვმა 16 თებერვალს დაგმო საქართველოს პარლამენტის მიერ რუს სამშვიდობოებთან დაკავშირებით გუშინ მიღებული დადგენილება და განაცხადა, რომ ქართული სცენარით მოვლენათა განვითარების შემთხვევაში, სამშვიდობო პროცესის შენარჩუნება გაჭირდება.


“ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა საქართველოს პარლამენტში, მოცემულ სიტუაციაში არ უწყობს ხელს მშვიდობიან მოწესრიგებას. პირიქით, ძაბავს ვითარებას. რუსეთის პარლამენტმა, ჩემი აზრით, ზუსტად ასეთივე რეაგირება უნდა მოახდინოს. ჩვენ უნდა შევაფასოთ ეს გადაწყვეტილებები და მკაფიოდ გავუსვათ ხაზი ჩვენ პოზიციას, რომ რუსი სამშვიდობოები იმყოფებიან ამ ზონაში ზუსტად იმიტომ, რომ ხელს უწყობენ ამ ინციდენტის მშვიდობიან დარეგულირებას. თუ ვივარაუდებთ, რომ მოქმედებები ქართული სცენარით განვითარდება, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ იქ სამშვიდობო პროცესის შენარჩუნება ვერ მოხერხდება და პროცესი სულ სხვა კალაპოტში გადავა. ეს იქნება მსხვერპლიანი პროცესი როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან”, – განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ბორის გრიზლოვმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version