რუსეთის ელჩი ენერგოკრიზისზე კომენტარს აკეთებს

რუსული მხარის დადანაშაულება ჩრდილოეთ კავკასიაში ორი გაზსადენის და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის აფეთქებისის მოწყობაში არის „სერიოზული დარტყმა რუსულ-ქართული ურთიერთობებისთვის“, განაცხადა რუსეთის ელჩმა საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა 23 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.


საქართელოს პრეზიდენტმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა 22 იანვარს რუსეთი  საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის მოწყობასა და „ენერგოშანტაჟში“ დაადანაშაულეს.


„ჩვენი ინფორმაციით, ეს იყო კარგად დაგეგმილი ტერორისტული აქტი. მიმდინარეობს გამოძიება და იმედი მაქვს, რომ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები დააკავებენ არა მარტო მათ, ვინც ეს ტერორისტული აქტი განახორციელეს, არამედ ვინც შეუკვეთა ის“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.


„ოფიციალური თბილისის მიერ გაკეთებული განცხადებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგანაც ყველა განცხადებაში რუსეთი იყო დადანაშაულებული [აფეთქებების გამო]… თუმცა ამ განცხადებების ლოგიკა საეჭვოა, რადგანაც ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს რუსეთი ჯერ აფეთქებს [გაზსადენებს] და შემდეგ ცდილობს გამოასწოროს ვითარება. როგორც იცით, სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. გარდა ამისა, ჩვენ დაუყონებლივ დავუკავშირდით ჩვენს კოლეგებს აზერბაიჯანში, რათა მოეხდინათ [რუსული] გაზის მიწოდება [საქართველოში აზერბაიჯანის გავლით]“, – განაცხადა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა.


მისი თქმით, „პრობლემის ზედმეტი პოლიტიზაცია არ ემსახურება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებას“.


რუსმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებები ე.წ. „ენერგოშანტაჟის“ თაობაზე „ძალიან მოულოდნელი“ იყო იმ ფართომასშტაბიანი ენერგოინვესტირების პროგრამების ფონზე, რასაც რუსული კომპანიები საქართველოში ახორციელებენ.    


მისი თქმით, ამ ინვესტიციების ერთ-ერთი მაგალითია გაზოტურბინის ელექტროგენერატორის გახსნა 23 იანვარს. სავარაუდოდ, ამ გენერატორის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას პრეზიდენტი სააკაშვილიც დაესწრება.


„შესაძლოა ზოგიერთმა თქვენგანმა არ იცის, რომ ამ ორი გაზოტურბინის შესყიდვა რუსულმა მხარემ დააფინანსა. წინასწარი ოფიციალური ინფორმაციით, [რუსულმა ბანკმა] „ვნეშტორგბანკმა“ დაახლოებით 40 მილიონი აშშ დახარჯა [ამ პროექტზე]. გარდა ამისა, კიდევ სხვა ბევრი ენერგოპროექტი არსებობს“, – განაცხადა ჩხიკვიშვილმა.


„ამრიგად, მინდა განვაცხადო, რომ [ქართველი ოფიციალური პირების] განცხადებები ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე. მინდა ეს ნათლად განვაცხადო. ამრიგად, ენერგოპროექტებზე მომავალი თანამშრომლობის მიზანშეწონილობა ეჭვის ქვეშ დგას“, – დასძინა რუსმა დიპლომატმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version