ბეჟუაშვილი როკის გვირაბის მეშვეობით რუსული იარაღის მიწოდებას აპროტესტებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა დღეს განაცხადა, რომ როკის გვირაბის მეშვეობით სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში რუსული იარაღის მიწოდება კვლავ გრძელდება.


“პირველი, რაც იწვევს ჩვენ შეშფოთებას, არის ის, რომ მიუხედავად ჩვენი მრავალგზის დაჟინებული მოთხოვნისა, რომ შეწყდეს რუსეთიდან იარაღის მიწოდება კონფლიქტის ზონაში, ამ ფაქტებს აქვს ადგილი“, – განუცხადა 18 იანვარს ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს.


ცოტა ხნის წინ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი საზენიტო ტყვიამფრქვევი და მობილური რადიოსადგური ამოიღეს. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა სოფელ დმენისში შერეული სამშვიდობო ძალების და ეუთოს დამკვირვებელთა მიერ 13-14 იანვარს განხორციელებული მონიტორინგის დროს იქნა აღმოჩენილი.


მინისტრის ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში “დღესაც არსებობს შეიარაღება, გადასატანი სარაკეტო–საზენიტო კომპლექსები“. 


“ეს ჩვენ ვიცით, ამას ებრძვის თვით რუსეთიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი მოედინება როკის გვირაბის მეშვეობით, რასაც ჩვენ აუცილებლად ოფიციალურად გავაპროტესტებთ“, – დასძინა გელა ბეჟუაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version