ნოღაიდელი: წელს ენერგოობიექტების პრივატიზაციის დასრულება იგეგმება

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ  2006 წელს ხელისუფლება ელექტროენერგეტიკის სექტორის პრივატიზაციის დასრულებას აპირებს.


“მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გარდა, სექტორი მთლიანად იქნება კერძო საკუთრებაში გადაცემული. სახელმწიფო, ასევე, შეინარჩუნებს საკუთრებაში “ენგურჰესს“, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა 13 იანვარს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროში გამართული შეხვედრის დროს. 


ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შესულია რამდენიმე ენერგოობიექტი, მათ შორის “შაორჰესი“, “რიონჰესი“, “გუმათჰესი“, “ლაჯანაურჰესი“, “ძევრულჰესი და სხვები.


პრემიერ-მინისტრის თქმით, კერძო ინვესტიციების მოზიდვის ხარჯზე 2006 წელს ასევე გაგრძელდება ახალი ენერგოობიექტების მშენებლობა. სიმძლავრეების გაზრდით საქართველო სულ უფრო ნაკლებად იქნება დამოკიდებული ელექტროენერგიის იმპორტზე. 


გასული წლის მარტში საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფო ენერგოობიექტების ერთ კომპანიად გაერთიანების და მისი ერთ პაკეტში გაყიდვის გეგმების შესახებ გააკეთა განცხადება. თუმცა პრემიერ-მინისტრმა ნოღაიდელმა 13 იანვარს არ დააკონკრეტა რჩება თუ არა ეს გეგმა კვლავ ძალაში.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version