დეპუტატი გაზსადენის მიმართ ბენდუქიძის პოზიციას აკრიტიკებს

გაზეთ “24 საათი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 12 იანვარს გამოქვეყნდა, დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა, ოპოზიციური “რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, განაცხადა, რომ სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძე მთავრობაში მთავარი ლობისტია, რომელიც თავდაუზოგავად ცდილობს ქვეყნის მაგისტრალური გაზსადენი რუსულ ენერგოკომპანია “გაზპრომს“ მიყიდოს.


“[კახა ბენდუქიძე] განსაკუთრებულ როლს თამაშობს ამ საქმეებში და როგორც ჩანს, ეს ამოცანა რუსეთიდან აქვს დაკისრებული. ნათელია, რომ ეს კაცი მტერია, რუსეთის აგენტი“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.


დეკემბერში საქართველოს ხელისუფლებამ მინიშნება გააკეთა იმის თაობაზე, რომ მან შესაძლოა “გაზპრომ“-ისთვის მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვის საკითხი განიხილოს. აშშ-მ მოუწოდა საქართველოს სიფრთხილით მოეკიდოს ამ საკითხს. სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ 28 დეკემბერს განაცხადა, რომ თბილისმა “ნაკლებად უნდა უსმინოს უცხოელ ექსპერტებს“.


თუმცა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ 9 იანვარს აღნიშნა, რომ საქართველო მხედველობაში მიიღებს აშშ-ს ინტერესებს ქვეყნის მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო პრივატიზაციასთან დაკავშირებით.


დეპუტატმა ლევამ ბერძენიშვილმა ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ “პრეზიდენტი სააკაშვილი თამაშობს“ გაზსადენის საკითხით.


“აშშ-ს ემუქრება, რომ რუსეთისკენ გადავიხრები, რითიც აშშ-სგან მეტ დახმარებას ითხოვს. ეს ჩვეულებრივი თამაშია, ბალანსის პოლიტიკა, რომელიც, ჩემი აზრით, ჭკვიანური არ არის“, – დასძინა მან.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version