სასამართლო ვლადიმერ არუთუნიანს განაჩენს გამოუტანს

თბილისის საქალაქო სასამართლო ვლადიმერ არუთუნიანს, რომელსაც გასული წლის მაისში პრეზიდენტის ბუშის თბილისში გამოსვლის დროს ხელყუმბარის სროლაში ედება ბრალი, 11 იანვარს განაჩენს გამოუტანს.


ბრალდების მხარე  სამუდამო პატიმრობას მოითხოვს არუთუნიანისთვის, რომელსაც 10 მაისის ინციდენტისა და ივლისში, მისი დაკავების დროს, უშიშროების ოფიცრის მკვლელობის გამო ტერორიზმისა და მკვლელობის მუხლით ედება ბრალი. მას იარაღის უკანონო შენახვის მუხლიც აქვს წაყენებული.


სექტემბერში ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ ვლადიმერ არუთუნიანს აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონო ტარებისა და გამოყენების მუხლებით ბრალდება წაუყენა. თუმცა აშშ-მ არუთუნიანის ექსტრადიცია არ მოითხოვა.


ქართველმა გამომძიებლებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ არუთუნიანი მარტო, თანამზრახველების გარეშე მოქმედებდა . 


პროცესის დროს არუთუნიანმა დუმილის უფლება გამოიყენა და განაცხადა, რომ იგი ჩვენებას მხოლოდ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თანდასწრებით მისცემდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version