სოხუმი საპრივატიზაციო ობიექტების სიის გამოქვეყნებას აპირებს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ყველა იმ ობიექტის ნუსხა, რომელიც პრივატიზაციას ექვემდებარება, იუწყება 29 დეკემბერს “აფსნიპრესი“. თუმცა ჯერ–ჯერობით უცნობია, რამდენი და რა სახის ობიექტების გასხვისებას აპირებს სოხუმი.


“პრივატიზაცია უნდა განხორციელდეს კონკურსის საფუძველზე. და ჩვენ ასეც მოვიქცევით. თუმცა არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ ობიექტის შეძენის სურვილს მხოლოდ ერთი მყიდველი გამოთქვამს“, – განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.


მისი თქმით, პრივატიზაციიდან შემოსული თანხები პირველ რიგში განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებს მოხმარდება.


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში უკანონოდ შეძენილი ქონება “არავის შერჩება“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version