“გაზპრომს“ კვლავ მაგისტრალური გაზსადენის შესყიდვა სურს

დღეს პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და “გაზპრომის“ თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე რიაზანოვმა ორსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ 2006 წელს “გაზპრომი“ საქართველოს 1000 კუბამეტრ გაზს 110 დოლარად მიყიდის, ნაცვლად არსებული 63 დოლარისა.


დღეს “გაზპრომის“ წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი მაგისტრალური გაზსადენის შეძენის თაობაზე.


ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, “გაზპრომი“ საქართველოს გაზის მოწოდების მოცულობასაც გაუზრდის 1,30  მლრდ კუბამეტრიდან 2,25 მლრდ კუბამეტრამდე.


“სერიოზულად იზრდება გაზის მოწოდების მოცულობა, “გაზპრომმა“ ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეგიონში [სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში] ფასი იქნება უნივერსალური 110 დოლარი 1000 კუბამეტრზე“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა 20 დეკემბერს.


მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გაზის ხუთივე მომხმარებელმა კომპანიამ ახალ წლამდე გააფორმოს კონტრაქტები რუსულ კომპანიასთან “იმისათვის, რომ 1 იანვრიდან პრობლემები არ შეიქმნას გაზმომარაგებაში“.


ალექსანდრე რიაზანოვის განცხადებით, დღევანდელ მოლაპარაკებებზე ორი საკითხი დარჩა გადაუწყვეტელი. კერძოდ, მაგისტრალური გაზსადენის შესყიდვისა და სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასური, რაზეც მოლაპარაკებებს მხარეები 2006 წლის პირველ კვარტალში გააგრძელებენ. 


“ამ დროისთვის გადაუწყვეტელი ორი საკითხი რჩება: პირველი, ჩვენი სურვილია დავუბრუნდეთ გაზსადენის სისტემის შესყიდვის საკითხს ან იმ გაზსადენის შესყიდვის საკითხს მაინც, რომელიც საქართველოს გავლით სომხეთისაკენ მიდის. ჩვენ ქართულ მხარეს გადავეცით დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ [გაზსადენის] შეფასების მონაცემები და მოვილაპარაკეთ, რომ ამ საკითხს მომავალი წლის პირველ კვარტალში კვლავ დავუბრუნდებით“, – განაცხადა დღეს პრესკონფერენციაზე ალექსანდრე რიაზანოვმა.


ამჟამად, საქართველო სომხეთში გაზის გატარების სანაცვლოდ ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის 10%–ს იღებს, თუმცა “გაზპრომი“ მოითხოვს სატრანზიტო გადასახადის ტარიფის სახით გადახდას. მხარეები ამ ეტაპზე ტარიფის ოდენობაზე ვერ შეთანხმდნენ.


“მეორე საკითხი კი არის სომხეთში გაზის ტრანზიტის გადასახადი, ჩვენი აზრით, ეს [მოქმედი] კონტრაქტი არ შეესაბამება ევროპაში, მთელ მსოფლიოსა და თავად რუსეთში არსებულ საბაზრო ურთიერთობებს. ჩვენი აზრით, უფრო მისაღებია ტრანზიტის გადასახადი იყოს ტარიფით, ფულით და არა იმ გაზის პროცენტებით, რომელიც ამ გაზსადენით სომხეთში მიედინება. ჩვენ ამ საკითხზეც ვერ მივაღწიეთ დღეს შეთანხმებას“, – განაცხადა რიაზანოვმა.


მისი ინფორმაციით, “გაზპრომი“ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებებს 2006 წლიდან განაახლებს ტრანზიტის შესახებ გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე.


“ასევე [2006 წლის] პირველი კვარტალის განმავლობაში ჩვენ დავუბრუნდებით საქართველოში გაზის მოწოდების შესახებ გრძელვადიან კონტრაქტსაც ფასების ევროპული სტანდარტების ფორმულის შესაბამისად… ჩვენ მზად ვართ ეს კონტრაქტი 10 წლით ან მეტი ხნითაც გავაფორმოთ“, –  განაცხადა რიაზანოვმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version