ალასანია: საქართველოს პრეზიდენტი მზად არის შეხვდეს სერგეი ბაღაფშს

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ, ქართულ-აფხაზურ დიალოგში საქართველოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ დღეს კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მზადაა შეხვდეს თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს და ხელი მოაწეროს ორივე მხარისათვის მისაღებ დოკუმენტს.


“მიხეილ სააკაშვილი მიესალმება ქართულ–აფხაზური დიალოგის გაგრძელებას და კვლავ ადასტურებს მზადყოფნას, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ნებისმიერ დროს შეხვდეს აფხაზური მხარის ლიდერს სერგეი ბაღაფშს“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ 14  დეკემბერს.


ქართული მხარე შეხვედრის დროს მიზანშეწონილად მიიჩნევს ეკონომიკური, ჰუმანიტარული, ნდობის აღდგენის და უსაფრთხოების საკითხების განხილვას.


“საქართველოს პრეზიდენტი მხარს უჭერს აფხაზეთში კონფლიქტის სრულმასშტაბიანი დარეგულირების მშვიდობიან გზას და შესაძლებლად თვლის ორმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერას, რომელშიც აისახება აფხაზურ და ქართულ მხარეთა სამართლიანი ინტერესები“, – განაცხადა პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა.


დღესვე პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ თბილისის პოლიტიკა საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან მიმართებაში არის მშვიდობიანი გზით მოწესრიგება.


“ბოლო პერიოდში საკმაოდ სერიოზული შანსი გამოჩდა და საკმაოდ სერიოზულად წავიწიეთ წინ ამ მიმართულებით“, – დასძინა ნოღაიდელმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version