საპენსიო კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება







88 წლის ნიკოლოზ ომიაძის (მარჯვნივ)
განცხადებით, მას სულ ცოტა 150 ლარი
სჭირდება საარსებოდ.
2 დეკემბერს ათასობით პენსიონერი პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა და საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. აქცია ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის“ ორგანიზებით მოეწყო.

ცვლილებები ითვალისწინებს მომავალი წლიდან მინიმალური პენსიის ზრდას 28 ლარიდან 38 ლარამდე და მაქსიმალური პენსიის შემცირებას 5 ათასი ლარიდან 560 ლარამდე. მაქსიმალური პენსიებია გათვალისწინებული ყოფილი პარლამენტარებისათვის და ძალოვანებისათვის.

ცვლილებები ასევე შეეხება საპენსიო ასაკსაც, კერძოდ, ქალებისთვის საპენსიო ასაკი 60–დან 65 წლამდე იზრდება, ხოლო მამაკაცებისთვის 70–დან 65 წლამდე მცირდება.

საპროტესტო აქციის მონაწილენი სტაჟისა და დამსახურების მიხედვით ითხოვდნენ პენსიის დანიშვნას.  

ოფიციალური პირების განცხადებით, მომავალი წლიდან მინიმალური პენსიის 10 ლარით გაზრდა სახელმწიფო ბიუჯეტს 35 მილიონი ლარი დაუჯდება. 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში პენსიებსა და კომპენსაციებზე 584,6 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version