საგარეო უწყება: რუსული ჯარები ნამდვილად წარმოადგენს საფრთხეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 დეკემბერს დაგმო რუსული მხარის მიერ გამოთქმული კრიტიკა საქართველოს სამხედრო სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოში განლაგებული რუსული ჯარები პოტენციურ საფრთხეებს შორის არის ჩამოთვლილი და მას “არასწორი და მიკერძოებული“ უწოდა. 


“იმ დროს, როდესაც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის სამხედრო ბაზები, დაფიქსირებულია მათ მიერ სეპარატისტული რეჟიმების იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით მომარაგების ფაქტები და ადგილი აქვს კონფლიქტური რეგიონების დაუფარავ მილიტარიზაციას, საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიაში მოყვანილი საფრთხეები სავსებით რეალურია“, –  ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 1 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.


საგარეო უწყების ამ განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 30 ნოემბერს გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალების და რუსეთის სამხედრო ბაზების წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო სტრატეგიაში გაკეთებული განცხადებები “აბსურდული“ და “არაგონივრულია“.


საქართველოს საგარეო უწყებამ ასევე დაადასრურა სტრატეგიის ის დებულება, რომელშიც ნათქვამია: “რუსეთის ფედერაციაში ყოველთვის იარსებებენ ძალები, რომლებიც დახმარებას აღმოუჩენენ სეპარატისტულ რეჟიმებს“.


“არსებობს მრავალი მაგალითი, როდესაც რუსეთის რიგი მაღალი თანამდებობის პირები და ცნობილი პოლიტიკოსები თავისი განცხადებებითა და კონკრეტული ქმედებით ღიად უჭერენ მხარს კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ სეპარატისტული ხელისუფლებას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო  უწყების განცხადებაში.


ქართულმა მხარემ ასევე გააკრიტიკა კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალები.


“სწორედ მათ [სამშვიდობოების] მიერ მანდატით მინიჭებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, რიგ შემთხვევებში კი ალიანსი უკანონო, კრიმინალურ შეიარაღებულ ფორმირებებთან, იწვევს კონფლიქტურ რეგიონებში დაძაბულობის ესკალაციას და ჩიხში აქცევს მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version