მარეკ დუდაევს სასამართლომ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

29 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ოსი ეროვნების მარეკ დუდაევს 23 წლით თავისუფლების აღკევთა მიუსაჯა. სასამართლომ 16  ბრალდებიდან მარეკ დუდაევს სამ ეპიზოდში, კერძოდ ერთ მკვლელობაში, ყაჩაღობასა და ფულის გამოძალვაში ბრალდება მოუხსნა.


მარეკ დუდაევი, რომელიც უარყოფს ბრალდებებს, ქართველმა სამართალდამცავებმა გასულ წლის მარტში დააკავეს. მისმა ადვოკატმა ნათია სირაძემ სასამართლო პროცესს “დადგმული შოუ” უწოდა და განაცხადა, რომ იგი ამ გადაწყვეტილებას უზენაესს სასამართლოში გაასაჩივრებს. მან ასევე აღნიშნა, რომ გამომძიებლების მიერ პროცესის დროს მოწმეთა დაშინება ხდებოდა .


გასული წლის მარტში, როდესაც მარეკ დუდაევი დააპატიმრეს, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა მას კრიმინალური ავტორიტეტი უწოდეს. თუმცა, ტელეკომპანია “202”-ის მიერ ნაჩვენებმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ რამდენიმე ფაქტი გამოავლინა, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს დაპატიმრების ოფიციალურ ვერსიას და დუდაევის წინააღმდეგ წაყენებულ რამოდენიმე ბრალდებას.     


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 26 ნოემბერს განაცხადა, რომ მარეკ დუდაევის ძმა ერიკი, რომელიც სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში მსახურობს, ასევე კრიმინალური ავტორიტეტია და იგი ადამიანთა გატაცებებში, ფულის გამოძალვაში და სხვა კრიმინალურ საქმიანობაშია ჩართული.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version