საქართველომ მეტ პროგრესს უნდა მიაღწიოს თავდაცვის რეფორმაში

ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სპეფერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან ბრიუსელში 28 ნოემბერს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ნატოს კარი ღიაა, თუმცა საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი თავდაცვის რეფორმასთან მიმართებაში.


“თუ საქართველოში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესს შევხედავთ, ქვეყანამ დიდ პროგრესს მიაღწია. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი, ძირითადად თავდაცვის რეფორმირებაში, სადაც მეტი პროგრესია საჭირო“, – განაცხადა სხეფერმა.


მისი თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს რეფორმების გრძელ და რთულ გზაზე, “რადგანაც ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის რეფორმები, რომლებიც საქართველომ უნდა გადახორციელოს, ადვილი არ არის“.


“საჭირო არ არის იმის თქმა, რომ ნატოს კარი ღიაა, საჭირო არ არის იმის თქმა, რომ ნატო დაეხმარება საქართველოს, სადაც არ უნდა დასჭირდეს ეს დახმარება, ამ რთული რეფორმების განხორციელების გზაზე“, – განაცხადა მან, თან იქვე დასძინა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობას დაგეგმილი აქვს მიაღწიოს რეფორმების სფეროში დასახულ მიზნებს.


თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ იგი ვერაფერს იტყვის კონკრეტული ვადების შესახებ, თუ როდის შეიძლება გახდეს საქართველოს ნატოს წევრი ქვეყანა.


“რადგანაც ეს პროცესი ნატოში ინტეგრაციის გზაზე არის საქმიანობაზე დაფუძნებული პროცესი. ეს საქართველოს მიერ გაწეულ საქმიანობაზეა დამოკიდებული“, – დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.


მან მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში გაწეული დახმარებისთვის ავღანეთში და კოსოვოს სამშვიდობო ოპერაციაში შეტანილი წვლილისათვის. სხეფერმა საქართველოს “უსაფრთხოების ექსპორტიორი“ უწოდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version