Amnesty International-ი საქართველოში წამების ფაქტების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

23 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში Amnesty International-მა შეშფოთება გამოხატა საქართველოში დაკავებულთა წამების და ცუდი მოპყრობის ფაქტების გამო. ადამიანის უფლებების დაცვის ჯგუფმა უკვე გამოაქვეყნა მოხსენება “წამება და ცუდი მოპყრობა საქართველოში – პრობლემა, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ კვლავ აქტუალურია“.


“მთავრობამ პრიორიტეტულად ყურადღება უნდა დაუთმოს წამების და ცუდი მოპყრობის ფაქტების აღმოფხვრას. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მთავრობას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი. მყარი შედეგების მისაღწევად გრძელვადიანი მიდგომაა საჭირო“, – განაცხადა Amnesty International-ის მკვლევარმა საქართველოს საკითხებზე ანა სუნდერ-პლასმანმა. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ დაუსჯელობა წამებისა და ცუდი მოპყრობის გამო კვლავ დიდ პრობლემას წარმოადგენს.


“დაკავებულთა წამებისთვის გამოიყენება სხვადასხვა მეთოდები, მათ შორის ელექტროშოკი, პოლიეთილენის პარკების თავზე ჩამოცმა, სიგარეტითა და სანთლით დამწვრობის მიყენება, გასროლის მუქარით იარაღის ლულის  პირში მიბჯენა, დაკავებულის ოჯახის წევრების ცემის მუქარა, დაკავებულის პირში ნაჭრის ჩატენა, რათა მან ყვირილი ვერ შეძლოს, ცემა, მათ შორის ხელკეტებითა და იარაღის კონდახებით“, – ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში.


თუმცა, ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით წამების წინააღმდეგ ბრძოლა ახლანდელი ხელისუფლების დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს და ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა წამების შესახებ არსებული ინფორმაციის საპასუხოდ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version