მაღალი დონის ფორუმი “ვარდების რევოლუციას“ მიესალმა

22 ნოემბერს თბილისში მაღალი დონის ორდღიანი ფორუმი “ევროპის გათავისუფლების ახალი ტალღა: დემოკრატია და ტრანსფორმაცია“ გაიხსნა იმ მაღალი დონის სტუმრების მონაწილეობით, რომლებიც საქართველოში “ვარდების რევოლუციის“ ორი წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ.


ფორუმი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენებით გაიხსნა, სადაც ნაჩვენებული იყო მშვიდობიანი დემონსტრაციები თბილისში, რაც 2003 წლის 23 ნოემბერს “ვარდების რევოლუციით“ დაგვირგვინდა.   


ფორუმის მონაწილეებისადმი თავის ვიდეო მიმართვაში ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა “ვარდების რევოლუციის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და მას საქართველოსთვის “ხელახლა დაბადება“ და “შთაგონება“ უწოდა, რამაც სხვა ქვეყნებშიც შეუწყო ხელი დემოკრატიულ ცვლილებებს.


სენატორმა მაკკეინმა ასევე განაცხადა, რომ “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველომ წარმატებულად დაიწყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და თავდაცვის, ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების განცხორციელება. მან ხაზი გაუსვა აჭარის მშვიდობიანი შემოერთების მნიშვნელობას, თუმცა დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლების გამოწვევას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მშვიდობიანი რეინტეგრაცია წარმოადგენს.    


თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისაუბრა “ვარდების რევოლუციის“ შემდგომ მიღწევებზე და აღნიშნა, რომ უდიდესი მშიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ მოქალაქეების ნდობის განმტკიცებას. 


“ჩვენ წინ გვაქვს ბევრი გამოწვევები… მთავარია ის, რომ ინსტიტუტების ნდობის ხარისხი არის უპრეცედენტოდ გაზრდილი. მთავარი არის ის, რომ ჩვენ მივიღეთ ნდობა განათლების სისტემაში, სამართალდამცავ სისტემაში, საგადასახადო სისტემაში, ეს არის ჩვენი მთავარი კაპიტალი. ლიდერების ნდობა აიწევს და დაიწევს, ლიდერები შეიცვლებიან, მინისტრები და მთავრობები შეიცვლებიან. მთავარი რაც არ უნდა შეიცვალოს ინსტიტუტებისადმი ნდობის მაღალი ხარისხია, ეს არის ვარდების რევოლუციის მთავარი გაკვეთილი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


მისი თქმით, საქართველო არის “პირველი პოსტ–საბჭოთა ქვეყანა, რომელმაც შეძლო საბჭოთა ელიტის სრული შეცვლა“ მთავრობაში. “ამაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ზურაბ ჟვანიას ფაქტორმა და პიროვნებამ“, – დასძინა მან.


სააკაშვილის განცხადებით, სკეპტიკოსები აცხადებდნენ, რომ მისი ადმინისტრაცია “გამოუცდელობისა და ახალგაზრდობის გამო“ წარუმატებლობისთვის იყო განწირული.


“ჩვენ პირველივე დღიდან ვმოქმედებთ იმ გეგმით, რომელიც წლების განმავლობაში მუშავდებოდა. ჯგუფი, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში, ეს იყო რეფორმატორთა ჯგუფი“,– განაცხადა სააკაშვილმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.


“ოპონენტები ასევე აცხადებენ, რომ ჩვენ ვართ პოპულისტები. მაგრამ ჩვენ გავაქარწყლეთ ეს მოსაზრებებიც. მაგალითად, ჩვენ ვუთხარით მოქალაქეებს, რომ არ ექნებათ ელექტროენერგია, თუ არ გადაიხდიან გადასახადებს. ეს იყო ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი. მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ და ჩვენ გავზარდეთ შემოსავლები [ელექტროენერგიის] გადასახადებიდან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


ფორუმზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ფრანგი ფილოსოფოსი ანდრე გლუკსმანი და ყოფილი საბჭოთა დისიდენტი და ისრაელის მთავრობის ყოფილი წევრი ნატან შარანსკი, რომლებმაც მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.


ფორუმს ასევე მიმართავს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე მეთიუ ბრაიზა, რომელიც პოსტ-რევოლუციური რეფორმის გაკვეთილებზე ისაუბრებს.


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, ესტონეთის პრეზიდენტი არნოლდ რუუტელი და რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ, რომლებიც თბილისში 22 ნოემბერს ჩამოვლენ, ფორუმზე 23 ნოემბერს გამოვლენ სიტყვით და რეგიონალური დემოკრატიის განვითარების მიზნით  კონსოლიდაციის საჭიროებაზე გაამახვილებენ ყურადღებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version