მერაბიშვილის თქმით, ცხინვალის ციხიდან გაქცევაში თბილისის ხელი ურევია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სპეცსამსახურები დაეხმარნენ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს ჯემალ ქარქუსოვს 19 ნოემბერს ცხინვალის ციხიდან გამოქცევაში და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე თავშესაფრის პოვნაში.  ქარქუსოვი თავის ძმასთან ერთად გაიქცა ციხიდან.


“ეს ძალიან რთული ოპერაცია იყო, რომელიც ბოლო ექვსი თვით მანძილზე მზადდებოდა. ეს სერიოზული გამარჯვებაა“, – განუცხადა ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებს 19 ნოემბერს.


“ჩვენ დაგვიკავშირდნენ ჩვენი ოსი “კოლეგები“, რომელთაც გვთხოვეს ჩაგვეკეტა გზები, დაგვეპატიმრებინა ეს ხალხი და გადაგვეცა მათთვის [სამხრეთ ოსეთის მხარისთვის]. მინდა განვაცხადო, რომ ეს პირები პოლიტიკური პატიმრები იყვნენ, ისინი თავიანთი პოლიტიკური აზრის გამო დააპატიმრეს. ახლა ისინი თავიანთ სამშობლოში არიან“, – განაცხადა მერაბიშვილმა.


ჯემალ ქარქუსოვი და მისი ძმა ოსმა სამართალდამცავებმა 2005 წლის აპრილში იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააპატიმრეს.


ჯემალ ქარქუსოვი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად 2003 წლის ბოლოს დანიშნეს. მანამდე მას სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტიდან იგი 2004 წელს გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი იყო მისი შეუთანხმებლობა სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ედუარდ კოკოითთან.


გავრცელებული ინფორმაციით, ციხიდან გაქცევის შემდეგ ჯემალ ქარქუსოვი და მისი ძმა ჯავის რაიონში იმალებოდნენ, საიდანაც ქართველმა სამართალდამცავებმა შეძლეს მათი გადმოყვანა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.


“ჯემალ და იანეკ ქარქუსოვები კრიმინალები არიან და ისინი სამხრეთ ოსეთის მხარეს უნდა გადმოეცეს… ქართულმა მხარემ ბევრჯერ დაადანაშაულა სამხრეთ ოსეთის მხარე კრიმინალების დამალვაში, თუმცა ახლა ნათელი გახდა ვინც მალავს კრიმინალებს“, – განუცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა მიხეილ მინძაევმა “რეგნუმს“ 20 ნოემბერს.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version