მერაბ ანთაძე დეპუტატისთვის ვიზის გაცემის ფაქტზე კომენტარს აკეთებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ განაცხადა, რომ რუსეთის საელჩო თბილისში დათანხმდა ვიზა გაეცა დეპუტატ გივი თარგამაძისთვის მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საელჩომ თავდაპირველად უარი განუცხადა მას ვიზის გაცემაზე.


საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით სანკტ-პეტერბურგში აპირებდა გამგზავრებას, სადაც 17 ნოემბერს დაგეგმილ დსთ-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში უნდა მიეღო მონაწილეობა. მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქართველმა პარლამენტარებმა ბოიკოტი გამოუცხადეს სხდომას, რადგანაც დელეგაციის ერთ წევრს, დეპუტატ გივი თარგამაძეს, ვიზა არ მისცეს.


16 ნოემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ რუსეთის საელჩოს გადაწყვეტილების თაობაზე 15 ნოემბერს შეიტყო და მაშინვე მოითხოვა შეხვედრა რუსეთის საკონსულოს წარმომადგენელთან.


მერაბ ანთაძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე “საკონსულოს ერთმა წარმომადგენელმა“, რომელიც მან არ დაასახელა, ვიზის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი იმ ფაქტით ახსნა, რომ გივი თარგამაძე არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ე.წ. ქართველი პოლიტიკოსების შავ სიაში. დეპუტატი თარგამაძე ცნობილია თავისი მკვეთრი განცხადებებით რუსი პოლიტიკოსების მიმართ.


“რუსული მხარე დათანხმდა ვიზა გაეცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი გამჟღავნდა, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო [ქართული დელეგაციის გამგზავრებისთვის]“, – განაცხადა ანთაძემ.


“ეს ძალიან არასასიამოვნო ფაქტია, რომელიც ვერ შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზებას“, – დასძინა მან.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტროს მოადგილის პრეს-კონფერენციამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთის საელჩომ თბილისში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ თავდაპირველად დეპუტატ თარგამაძეს უარი უთხრეს ვიზაზე. “თუმცა, მოთხოვნის განმეორებითი განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ მისთვის ვიზა მიგვეცა ან რუსეთის საელჩოში ან რუსეთში ჩასვლისთანავე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც არ არის დაკონკრეტებული თავდაპირველი უარის  მიზეზი.      

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version