რუსეთის საელჩომ დეპუტატის სავიზო პრობლემებზე განცხადება გაავრცელა

16 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოში რუსეთის საელჩომ დაადასტურა, რომ თავდაპირველად საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს უარი ეთქვა რუსეთის ვიზის გაცემაზე, რის გამოც დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა გივი თარგამაძე, სანკტ–პეტერბურგში დსთ–ს პარლამენტთაშორისი ასამბლეის 17–18 ნოემბრის სხდომაზე  დასასწრებად გამგზავრებაზე უარი განაცხადა. 


“უნდა აღინიშნოს, რომ მიღებული საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, სახელმწიფოს უფლება აქვს მიზეზების აუხსნელად არ გასცეს ვიზები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე“, – ნათქვამია 16 ნოემბერს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თუმცა რუსეთის საელჩო აცხადებს, რომ თარგამაძისთვის ვიზის გაცემის საკითხის განმეორებითი განხილვის შემდეგ “მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისთვის ვიზის ან რუსეთის საელჩოში  ან [რუსეთში] ჩასვლისთანავე გაფორმების თაობაზე“.


“არ ღირს დსთ–ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობაზე ქართული დელეგაციის უარის დაკავშირება სავიზო პრობლემებთან და როგორც ჩანს, ეს გამოწვეულია სხვა მიზეზებით“, – ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version