პრეზიდენტი ბიზნესმენებს ‘კოორდინაციისა და ურთიერთქმედებისაკენ’ მოუწოდებს

14 ნოემბერს ბიზნესმენებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე აღმშენებლობის პროცესზე, ხელისუფლების პრიორიტეტებსა და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. პრეზიდენტმა ბიზნესს ხელისუფლებასთან კოორდინაციისა და ურთიერთქმედებისაკენ მოუწოდა და დაპირდა, რომ უსამართლოდ “არავინ დაიჩაგრება“.


პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას კვლავაც მიაქცევს ენერგეტიკას, გზების მშენებლობასა და განათლების სფეროებს. “აღმოჩნდა, რომ ჩვენ შეგვიძლია საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტუქტურის შექმნა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


“ჩვენი გრძელვადიანი ინტერესია, რომ შევქმნათ პირობები თქვენი ბიზნესის განვითარებისათვის. ეს თავისთავად იქნება დასაქმების პრობლემის გადაწყვეტა“, – განუცხადა სააკაშვილმა ბიზნესმენებს.


მან რეფორმების იმ ექვს ახალ მიმართულებაზე ისაუბრა, რომელსაც ახალი საკანონმდებლო  ინიციატივების სახით ერთ თვეში წარუდგენს მთავრობა პარლამენტს. ესენია: საგადასახადო კოდექსის შემდგომი გამარტივება, ექსპორტ–იმპორტის პროცედურების გამარტივება, შრომის კოდექსის ლიბერალიზაცია და მაქსიმალური გამარტივება, სასამართლო რეფორმა, საბანკო სისტემის გამარტივება და ლიცენზიების შემდგომი შემცირება.


“სასამართლო რეფორმა არის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ამ ახალ პაკეტში. ერთის მხრივ ჩვენ ვებრძვით კრიმინალებს და ამ საქმეში ბიზნესთან საკმაოდ კარგი თანამშრომლობა ავაწყვეთ… მაგრამ სასამართლოს გარეშე ბიზნესის დაცვა წარმოუდგენელია… ვიღაცა რომ გიჩივლებთ, ეს არ უნდა გაიწელოს უსასრულოდ. ყველა სასამართლო პროცედურა უნდა დამთავრდეს 3–5 თვეში და არანაირი გაჭიანურება. ასევე ვაპირებთ კანონის ენის მაქსიმალურად გამარტივებას, რათა სასამართლომ ვერ მოახერხოს მისი [კანონის] ინტერპრეტაცია“, – განუცხადა პრეზიდენტმა ბიზნესმენებს.


პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლების ახალი ინიციატივების ძირითადი მახასიათებელი იქნება სახელმწიფოს ნაკლები ჩარევა და ნაკლები რეგულაცია. “სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცედურები და ეს არის ძალიან პრინციპული იმისთვის, რომ მეტი კაპიტალი მოვიზიდოთ საქართველოში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


“ჩვენ გავაგრძელებთ სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას… ინსტიტუტების მიმართ ნდობა გაიზარდა, რაც არის მთავარი მიღწევა რევოლუციის ორი წლის თავზე“, –  განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ ბოლო გამოკითხვებით, ხელისუფლების პოპულარობა კვლავ მაღალია.


პრეზიდენტის განცხადებით, ბიზნესის წილებში ჩასმის ინტიტუტი “გარდაიცვალა“ და “ეს თქვენ ძალიან კარგად იცით“,– მიმართა პრეზიდენტმა ბიზნესმენებს.


“პერსპექტივა არის ძალიან კარგი, მაგრამ მთავარი ამ პერსპექტივაში არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება ურთიერთქმედება. მე არ დაგპირდებით თქვენ, რომ ვინმეს რამე პრივილეგიას მოგანიჭებთ, მაგრამ ის, რომ ყველასათვის ვიბრძოლებ, რომ თქვენი უფლებები არ დაირღვეს და უაზროდ არავინ არ დაიჩაგროს, ამის პირობა შემიძლია მოგცეთ“, – მიმართა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბიზნესის წარმომადგენლებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version