ხაინდრავამ პარლამენტი მთავრობაზე ზეწოლის გამო გააკრიტიკა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ 28 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პარლამენტი მინისტრთა კაბინეტზე “გაუმართლებელი ზეწოლის“ გამო.


“პარლამენტი მუდმივად ზეწოლას ახდენს კაბინეტზე, რაც, ჩემი აზრით, არასამართლიანი და გაუმართლებელია. თუ მათ [პარლამენტარებს] პრეტენზიები გააჩნიათ ჩვენს [მთავრობის წევრების] წინააღმდეგ, ჩვენ მზად ვართ ჩვენი არგუმენტები წარმოვადგინოთ. ვფიქრობ, რომ კაბინეტი -რომელსაც ზურაბ ჟვანია [ყოფილი პრემიერ-მინისტრი] ხელმძღვანელობდა, და რომელსაც ახლა ზურაბ ნოღაიდელი ხელმძღვანელობს, კარგ საქმეს აკეთებს“, – განაცხადა ხაინდრავამ 28 ოქტომბერს პრეს-კონფერენციაზე, თან იქვე დასძინა, რომ კონფრონტაცია დაუშვებელია.


მიუხედავად იმისა, რომ ხაინდრავამ არ დააკონკრეტა ამ “კონფრონტაციის“ სხვა დეტალები, ქართული მედიის ცნობით, გარკვეული დაპირისპირება არსებობს პრემიერ-მინისტრსა და ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანს შორის.


“ეს [მთავრობასა და პარლამენტს შორის დაპირისპირების არსებობა] არის მხოლოდ ერთი ადამიანის [გიორგი ხაინდრავას] აზრი. არანაირი კონფრონტაცია არ არსებობს“, – განუცხადა მაჭავარიანმა ტელეკომპანია “იმედს“ 28 ოქტომბერს.


გიორგი ხაინდრავამ ერთხელ უკვე გააკრიტიკა პარლამენტი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის გადაყენების მოთხოვნის გამო. მან 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ ზურაბიშვილის გათავისუფლება “შეცდომა“ იყო და პარლამენტის ბრალდებებს ზურაბიშვილის მიმართ “არასწორი“ უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version