ხაინდრავა: ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაში დადებითი ძვრებია

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების მიზნით “სერიოზული დადებითი ძვრები“ მოხდა.


მინისტრის განცხადებით, კონფლიქტის მოგვარების თაობაზე სამეტაპიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გასულ წელს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გააჟღერა, მოწონებული იქნა 24–25 ოქტომბერს მოსკოვში შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე. ასევე აშშ–სა და ეუთოს მიერ, სადაც ეს გეგმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა წარადგინა. 


“პირველად რუსულმა, ჩრდილოეთ ოსურმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა მხარი დაუჭირეს კონფლიქტის მოგვარებას იმ სამეტაპიან გეგმის საფუძველზე,  რომელიც პრეზიდენტმა [სააკაშვილმა] წარმოადგინა…ვფიქრობ, რომ ეს ქაღალდზე გარღვევაა ჩვენს ურთიერთობებში, რადგან საშუალებას გვაძლევს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად და რუსეთის მხარდაჭერით განვახორციელოთ ის გეგმა, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება მუშაობდა“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე გიორგი ხაინდრავამ.


სახელმწიფო მინისტრის თქმით, იგი პირადად აპირებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისათვის იმ გეგმის გაცნობას, რომელიც პირველ ეტაპზე კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას; მეორე ეტაპზე ნდობის აღდგენის ღონისძიებებს და მესამე ეტაპზე კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებას ითვალისწინებს. 


სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, შსკ–ს სხდომაზე ასევე გადაწყდა პრემიერ–მინისტრ ზურაბ ნოღაიდელისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ედურდ კოკოითის შეხვედრა, რომელიც 15–16 ნოემბერს ლიუბლიანაში დაგეგმილი მაღალი დონის შეხვედრამდე გაიმართება. 


სახელმწიფო მინისტრი იმედოვნებს, ლუბლიანაში სერიოზულად განიხილება შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატის გაფართოების საკითხი მასში ეუთოს და ევროკავშირის როლის “სრული ხმის“ უფლებამდე გაზრდის და აშშ-ს ჩართვის გათვალისწინებით. 
  
“თვისობრივად ახალი ვითარება ყალიბდება, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ საბოლოოდ გადავწყვიტოთ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საკითხი“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version