ოქრუაშვილი: ცხინვალის ინციდენტზე აშშ–ს განცხადებით გაკვირვებული დავრჩი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 27 ოქტომბერს პარლამენტში სამთავრობო საათზე გამოსვლისას განაცხადა, რომ გაკვირვებული დარჩა აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რომელიც 20 სექტემბერს ცხინვალის დაბომბვის ფაქტს ეხებოდა.


აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 22 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში დაგმო ცხინვალის დაბომბვის ფაქტი და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა დაედასტურებინა ერთგულება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზის მიმართ და „დაუყონებლივ პასუხისგებაში [მიეცა] მისცეს ის პირები, რომლებიც უდანაშაულო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის აქტის უკან დგანან“.


საქართველოს ხელისუფლებამ უარყო ცხინვალის ინციდენტთან რაიმე კავშირი, თუმცა ქართულმა ოპოზიციურმა ძალებმა აშშ–ს განცხადება აღიქვეს, როგორც ქართული მხარის ბრალზე მიმანიშნებელი სიგნალი.


“მე მართლაც გაკვირვებული დავრჩი აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ამ განცხადებით. მე ჩვენს მეგობრებს [ამერიკელ მაღალჩინოსნებს] განვუცხადე: თუ საქართველოს შეუძლია მათი [დაბომბვაზე პასუხისმგებელი პირების] დასჯა, მაშინ პირდაპირ გვითხარით ვინ გააკეთა ეს და ჩვენ მათ დავსჯით.  ამის შემდეგ ამერიკაში ვიზიტისას [ოქტომბერში] ისევ მქონდა საუბარი ამ საკითხზე, თუმცა მათი მხრიდან მსგავსი სახის შენიშვნა და პრეტენზია აღარ გამოთქმულა“, – განუცხადა ოქრუაშვილმა პარლამენტარებს.


“ერთადერთი შენიშვნა [ამერიკელების მხრიდან] გზის გადაკეტვას უკავშირდებოდა, მაგრამ ჩვენი პოზიციაა: ჩვენ ვართ ამაყი ერი და ეს [სამხრეთ ოსეთი] არის ჩვენი ტერიტორია და გვინდა გზას გადავკეტავთ და გვინდა საზღვარს ჩავკეტავთ“, – დასძინა თავდაცვის მინისტრმა.


20 სექტემბერს ირაკლი ოქრუაშვილმა გენშტაბის უფროსთან ლევან ნიკოლეიშვილთან ერთად კონფლიქტის ზონაში, დიდი ლიახვის ხეობის სოფლებში, რომლებზეც ცხინვალიდან მიმავალი გზა გადის,  რამოდენიმე საათით გადაკეტა გზა, რასაც სამხრეთ ოსური და რუსული მხარეების პროტესტი მოჰყვა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version