ვალერი კენიაიკინი მოსკოვისა და ცხინვალის პოზიციაზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვალერი კენიაიკინმა მოსკოვში 24 ოქტომბერს შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების პირველი დღის შემდეგ რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარეების ერთობლივი პოზიცია გააჟღერა.  მისი თქმით, ცხინვალი და მოსკოვი კონფლიქტის მოგვარების სამ-ეტაპიან პროცესს ემხრობიან, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გასულ წელს გააჟღერა და მას სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმაც დაუჭირა მხარი. თუმცა, რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მოსკოვი და ცხინვალი უარყოფენ თბილისის წინადადებას არსებული სამშვიდობო პროცესის ფორმატის შეცვლის თაობაზე.


“ჩვენ მოვუწოდეთ [შსკ-ს შეხვედრაზე] თბილისის და ცხინვალის ხელმძღვანელობას სამშვიდობო პროცესის შემდგომი განვითარება სამეტაპიანი სქემის საფუძველზე განიხილონ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 59-ე სხდომაზე გააჟღერა [გასული წლის სექტემბერში]… ეს გეგმა გულისხმობს, პირველ ეტაპზე, კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის საკითხის მოგვარებას და ნდობის აღდგენას. მეორე ეტაპზე, კონფლიქტის ზონის სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციაა გათვალისწინებული, ხოლო მესამე ეტაპზე – პოლიტიკური მოგვარება, სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრის ჩათვლით“, – იტყობინება “რია ნოვოსტი“ ვალერი კენიაიკინის სიტყვებზე დაყრდნობით.


“შსკ-ს წევრებმა მოუწოდეს საქართველოს და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობას ახლო მომავალში თავდაცვის მინისტრების და ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის შეხვედრა დაგეგმონ. ჩვენ ასევე მოვითხოვეთ საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრა“, – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.


თუმცა, მან ასევე დასძინა, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია მოაწერს თუ არა ხელს ქართული მხარე ამ წინადადებებს. შსკ-ს შეხვედრა 25 ოქტომბერს გაგრძელდება. 


ვალერი კენიაიკინმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დასაწყისში “ოპტიმისტურ პოზიციას“ ხელი შეუშალა ქართული მხარის “მოსალოდნელმა სიურპრიზმა“, რომელიც მოლაპარაკებების მოსალოდნელი ფორმატის შეცვლის ინიციატივით გამოვიდა.


“შსკ კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია … შსკ 1996 წელს რუსეთისა და საქართველოს მეთაურების გადაწყვეტილების შედეგად შეიქმნა, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელიც მისი მანდატის ფარგლებში მოქმედებს… ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას ფორმატის შეცვლის თაობაზე. ამიტომ, საკითხი არ იქნა განხილული დღევანდელ შეხვედრაზე“, – განაცხადა მან.


რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ შსკ, რომელიც ქართულ, სამხრეთ ოსურ, რუსულ და ჩრდილოეთ ოსურ მხარეებს აერთიანებს, მიესალმა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის დიმიტრი რუპელის წინადადებას  შსკ-ს შემდგომი სხდომის ნოემბერში ლიუბლიანაში (სლოვენია) გამართვის თაობაზე.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version