რუსი ოფიცერი გათავისუფლებულია

ქართულმა მხარემ გაათავისუფლა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების რუსი სამხედრო დამკვირვებელი რომან ბოიკო, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები 23 ოქტომბერს.


ბოიკო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს და მის ქართველ კოლეგას გელა ბეჟუაშვილს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გაათავისუფლეს, იტყობინება “რია ნოვოსტი“ საქართველოში რუსეთი საელჩოს წარმომადგენლის ევგენი ივანოვის სიტყვებზე დაყრდნობით.  


ქართველმა სამართალდამცავებმა ბოიკო  21 ოქტომბერს გორში დააპატიმრეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავი შეიკავა დაპატიმრების მიზეზების დაკონკრეტებისგან.


22 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო დაპატიმრების ფაქტი და რუსი ოფიცრის დაუყონებლივ გათავისუფლება მოითხოვა.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version