BP-ს წარმომადგენლები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მნიშვნელობაზე საუბრობენ

დღეს  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველოს მონაკვეთის გახსნის ცერემონიალის დასრულების შემდეგ BP-ს მთავარმა მენეჯერმა იან კონმა თბილისში პრეს-კონფერენცია გამართა, რომელსაც ასევე კომპანია BP–აზერბაიჯანის პრეზიდენტი დევიდ ვუდვორდი და BP–საქართველოს გენერალური მენეჯერი რივ დიკინსი ესწრებოდნენ. 


“ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის და თურქეთისთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის. საფუძველი ჩაეყარა ახალი ენერგეტიკული კორიდორის გახსნას, რომლის საშუალებითაც მოხდება ენერგეტიკული რესურსების მიწოდება არა მხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა პრეს-კონფერნციაზე იან კონმა.


მისი თქმით, ნავთობსადენი დღეში 1 მლნ ბარელ ნავთობს გაატარებს, რაც ნავთობის მსოფლიო მოხმარების 1%–ს შეადგენს. კონი აცხადებს, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნის ¼ -ს დააკმაყოფილებს.


კონის განცხადებით, პროექტის “მთლიანი ღირებულება სამივე ქვეყანაში [აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი] დაახლოებით 20 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს, აქედან 1 მილიარდი დახარჯულია საქართველოს მონაკვეთზე“.


BP–ის მთავარი მენეჯერის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებში BP-ს კაპიტალდაბანდებათა წილმა 72% შეადგინა.


მილსადენის მშენებლობაზე დასაქმებული იყო 6500 საქართველოს მოქალაქე, ხოლო ნავთობსადენის ექსპლუატაციაში გასვლის შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 500 ადამიანი იქნება.


BP-ის  წარმომადგენლების განცხადებით, ნავთობსადენის უსაფრთხოება “უმაღლესი სტანდარტებით“ არის დაცული, რასაც თითქმის მთელ პერიმეტრზე ძირითადად შინაგან საქმეთა სამინისტროს  სახელმწიფო დაცვის სამსახური უზრუნველყოფს, მხოლოდ ნავთობის საქაჩ კვანძებზე  უსაფრთხოებას კომპანიის წარმომადგენლები დაიცავენ. 


ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში ნავთობის პირველი ნაკადის გაშვების საზეიმო ცერემონია 25 მაისს აზერბაიჯანში, სანგაჩალის  ნავთობტერმინალზე გაიმართა, ხოლო თურქეთში ანალოგიური ღონისძიება ნოემბერშია დაგეგმილი.


1,769 კილომეტრი სიგრძის მქონე ნავთობსადენის საშუალებით აზერბაიჯანული ნავთობი საქართველოს გავლით თურქეთში ჩავა,რის შემდეგაც დასავლეთის ბაზარზე მოხდება მისი ტრანსპორტირება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version