პრეზიდენტი ახალქალაქის ინციდენტზე კომენტარს აკეთებს

ეთნიკური სომხებით კომპაქტურად დასახლებულ ახალქალაქში სავაჭრო ობიექტების დროებით დახურვის თაობაზე ადგილობრივი საგადასახდო სამსახურისა და ფინანსური პოლიციის გადაწყვეტილებას,  5 ოქტომბერს ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც პოლიციამ საპროტესო აქციის დაშლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა.


ამ ინციდენტის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, “სერიოზული პრობლემა არ არსებობს და სამართალდაცავი ორგანოები წესრიგს ამყარებენ“.


“ჩვენი პოლიცია ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. ჩვენ [სამცხე–ჯავახეთის] ამ რაიონებში, სადაც ადრე სრული უკონტროლობა იყო, კონტროლს ვამყარებთ. ყველანაირი არეულობის მცდელობა უშედეგოდ დამთავრდება“, –განუცხადა დღეს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.


დღესვე ახალქალაქის მოსახლეობას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებული გოგა ხაჩიძე შეხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version