ევროპის სასამართლომ საქართველოს 210,000 ევროს გადახდა დააკისრა

ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს მიერ 27 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველომ ორ ქართულ ფირმას შპს “ამატ-გ“-ს და “იზა“-ს შესაბამისად 200 000 და 10 000 ევრო უნდა გადაუხადოს მატერიალური ზარალის ანაზღაურების მიზნით. კომპანია “იზა“-ს შემთხვევაში, სახელმწიფომ ასევე უნდა გადაიხადოს დამატებითი 1 000 ევრო არამატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად, იტყობინება ევროპის სასამართლო.


შპს”ამატ-გ”-მ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 1998-99 წლებში თევზის პროდუქტებით მოამარაგა. 1999 წელს კომპანიამ სამინისტროს წინააღმდეგ საქმე აღძრა კონტრაქტის დარღვევის და ზარალის მიყენების გამო, რადგანაც მომსახურების საფასური სრულად არ იქნა გადახდილი. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა კომპენსაციის გადახა, მას ეს ვალი ჯერაც არ გადაუხდია.


სამშენებლო ფირმა “იზამ“, რომელსაც შენობის რემონტის თაობაზე სახელმწიფო სკოლასთან ჰქონდა კონტრაქტი გაფორმებული, 1998 წელს განათლების სამინისტროსგან თანხის მხოლოდ ნაწილი მიიღო. კომპანიის განცხადებით, ვალის გადაუხდელობის გამო მას ბიზნეს საქმიანობის გასაგრძელებლად სირთულეები შეექმნა. კომპანიამ 2001 წელს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ აღძრული საქმე მოიგო, თუმცა სამინისტრომ ვალი მაინც არ გადაიხადა.


ევროპის სასამართლოს განცხადებით, ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ საბოლოო გადაწყვეტილების არშესრულების პრობლემას.   


ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღებიდან სამი თვის განმავლობაში ერთ-ერთ მხარეს შეუძლია მისი გასაჩივრება 17-წევრიან დიდ პალატაში.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version