ბეჟუაშვილი და ხაინდრავა მოსკოვში გაემგზავრნენ

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი და სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა 28 სექტემბერს მოსკოვში გაემგზავრნენ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების განხილვის მიზნით.


“ჩვენ გავარკვევთ რუსეთის პოზიციას [სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით]. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება არასდროს იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და როგორც ჩანს, მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე მათი [სამხრეთ ოსეთის მხარის] ბოლო გადაწყვეტილებაც [მოსკოვიდან] მითითების შედეგად იქნა მიღებული“,– განუცხადა ხაინდრავამ ჟურნალისტებს გამგზავრებამდე.


20 სექტემბერს ცხინვალის დაცხრილვის შემდეგ სამხრეთ ოსეთის მხარემ განაცხადა, რომ იგი აღარ მიიღებს მონაწილეობას შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობაში, სანამ ქართული მხარე ოფიციალურად ბოდიშს არ მოიხდის.


გავრცელებული ინფორმაციით, ბეჟუაშვილი და ხაინდრავა მოსკოვში შეხვდებიან რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს იგორ ივანოვს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვალერი ლოშჩინინს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version