ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ 12 სექტემბერს “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის“ ფარგლებში 295.3 მილიონი აშშ დოლარის დახმარების გამოყოფის თაობაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ 12 სექტემბერს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ დამხარება მიზნად ისახავს სიღარიბის აღმოფხვრას და ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას საქართველოს რეგიონებში.
“ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია ამაყობს იმით, რომ არის საქართველოს პარტნიორი მის მცდლობებში აღმოფხვრას სიღარიბე თბილისის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა ჩარლზ სეტნესმა.
“ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგანაც საქართველო განაგრძობს კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიის, თავისუფალი ეკონომიკის და მმართველობის ეფექტური ინსტიტუტების დამყარებას“, –იტყობინება “როიტერი“ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის სიტყვებზე დაყრდნობით.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ასევე დაესწრო ხელმოწერის ცერემონიალს ნიუ-იორკში, მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარებისთვის და განაცხადა, “ეს შეთანხმება არის პარტნიორობა ჩვენს ხალხებს შორის, რომელთაც საერთო ღირებულებები და საერთო ოცნებები აქვთ თავიანთი ბავშვებისთვის … სჯერათ თავისუფლების უზენაესი ღირებულების“, – იტყობინება “როიტერი“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)