სამხრეთ ოსეთი თბილისს პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი 12 სექტემბერს სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებს შეხვდა და კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება განიხილა. “აღინიშნება ქართული მხარის მცდელობა გამოიწვიოს სიტუაციის დესტაბილიზაცია“,  – განუცხადა სამხრეთ ოსეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა გაგლოევამ საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსს“.


10 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი აცხადებდა, რომ ქართული მხარე “სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის 15 წლის იუბილეზე პროვოკაციების მოწყობას გეგმავს“. თვითგამოცხადებული რესპუბლიკა ამ თარიღის აღნიშვნას 19-20 სექტემბერს გეგმავს.  


განცხადების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დივერსანტთა ჯგუფი კონფლიქტის ზონაში განლაგებულ ქართულ სოფლებში, კერძოდ თამარაშენში და კეხვში, მოქმედებენ.


ამავდროულად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო საქმეთა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც შეშფოთებას გამოხატავს კონფლიქტის ზონაში 9 სექტემბერს “ქართული შეიარაღებული ბანდის“ მიერ ორი ოსი მოქალაქის ხანმოკლე დაკავების გამო. ქართული მხარის განცხადებით, ორივე მოქალაქე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩარევიდან რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version