ბეჟუაშვილი კონფლიქტების მოგვარებაში რუსეთის როლზე საუბრობს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი 5 სექტემბერს რუსულ გაზეთ “ნოვიე იზვესტია”–სთვის  მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთი, რომელიც შუამავლის როლს თამაშობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების პროცესში, ახლა “კონფლიქტების გაყინვაშია დაინტერესებული”. მისი თქმით, რუს სამშვიდობოთა მანდატი კონფლიქტის ზონებში “მოძველებულია”.


“საქართველო დაინტერესებულია, რომ რუსეთი კონფლიქტების დადებითად მოგვარებაში ჩართოს. თუმცა, ამჟამად რუსეთს რამდენიმე ფუნქცია გააჩნია და ეს ფუნქციები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. შუამავლის ფუნქცია მოლაპარაკებების პროცესში ითვალისწინებს ობიექტურობას, მაგრამ ის შუამავალი, რომელსაც საკუთარი ინტერესები აქვს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ვერ იქნება ეფექტური. ეს ინტერესები არ არის აუცილებლად წარმოდგენილი სახელმწიფო დონეზე. ეს ბევრი ჯგუფის ინტერესს წარმოადგენს, რომლებიც, როგორც ჩანს, არ კონტროლდება”, განაცხადა ბეჟუაშვილმა.


მისი თქმით, რუს სამშვიდობოთა ამჟამინდელი მანდატი მოძველდა და მისი შეცვლაა საჭირო.


“ფაქტიურად სამშვიდობოები გახდნენ მესაზღვრეები, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვარს იცავენ მაშინ, როცა უნდა იმოქმედონ სამშვიდობო პროცესის მიხედვით – კონფლიქტის მოგვარების მიზნით, რაც არ ხდება. არა იმიტომ, რომ იქ ცუდი ოფიცრები და ჯარისკაცები არიან. საქმე იმაშია, რომ მოძველდა [სამშვიდობო] მისიის პოლიტიკური მიზანი, ისევე როგორც სამშვიდობოების მანდატი… აფხაზეთში სამშვიდობოები დსთ-ს ეგიდით მოქმედებენ, სამხრეთ ოსეთში კი – ე.წ. რაც ჩემთვის ყოვლად გაუგებარია, სამხრივი კომისიის ეგიდით, სადაც სამშვიდობო ძალებს წარმოადგენს რუსული, ჩრდილოეთ ოსური, თითქოს ჩრდილოეთ ოსეთი რუსეთი არ არის და ქართული მხარეები. აშკარაა, რომ ძალთა თანაფარდობა ჩვენს სასარგებლოდ არ არის“, აცხადებს გელა ბეჟუაშვილი ინტერვიუში.


“გარდა ამისა, რუსი სამშვიდობოები არამარტო არ ეხმარებიან კონფლიქტის მოგვარებას, არამედ მონაწილეობენ კონტრაბანდაში, არ რეაგირებენ [კონფლიქტურ ზონებში] ადამიანების გატაცებაზე, რომელიც თითქმის ყოველ კვირას ხდება. თუ არ იქნება მიღებული რადიკალური ზომები და სიტუაცია არ შეიცვლება, ჩვენ მანდატისა და სამშვიდობო კონტინგენტის სტრუქტურის შეცვლას მოვითხოვთ”, დასძინა ბეჟუაშვილმა.    


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version