სავოლსკი ბაზებზე და ჩარჩო ხელშეკრულებაზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი დსთ–ს საკითხებში, სამხედრო საკითხებზე საქართველოსთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი იგორ სავოლსკი “ინტერფაქსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსულ მხარეს არაფერი უშლის ხელს იმოქმედოს  საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილ ერთობლივ განცხადების მიხედვით, რომელიც ახალქალაქიდან და ბათუმიდან ბაზების გაყვანას ეხება, გარდა საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილი “ბიუროკრატიული ბარიერებისა“.


“[ერთობლივი განცხადების თანახმად] 1 სექტემბრისათვის 40 ერთეული მძიმე ტექნიკა [მათ შორის 20 ტანკი] უნდა იქნას გაყვანილი. რუსულმა მხრემ ყველა საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარა. ამჟამად, იქ [საქართველოში] იმყოფებიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, რათა თვალი ადევნონ შეთანხმების შესრულებას“, განაცხადა იგორ სავოლსკიმ.


“თუმცა, სამწუხაროდ, ქართული მხარე ქმნის ყველა შესაძლო ბარიერს… ამ კონტექსტში ჩვენმა საელჩომ თბილისში გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა თხოვნით, რომ მაქსიმალურად დაეხმარონ პრობლემების მოგვარებას. საკითხი შეეხება ტექნიკურ პრობლემებს, მათ შორის ვიზების გაცემას იმ რუს მოსამსახურეებზე, რომლებმაც აღჭურვილობა გასატანად უნდა მოამზადონ “, აღნიშნავს სავოლსკი.


მისი თქმით, რუსულმა მხარემ ასევე სთხოვა ქართულ მხარეს შეფასდეს სამცხე–ჯავახეთის იმ ხუთი ხიდის მდგომარეობა და ტექნიკური შესაძლებლობები, რომლებიც გამოყენებული იქნება  ახალქალაქის ბაზიდან ტექნიკის ტრანსპორტირების დროს. “უნდა დადასტურდეს, რომ ტანკის გავლის შემთხვევაში ხიდი არ ჩაინგრევა“, განაცხადა სავოლსკიმ.


იგორ სავოლსკიმ კომენტარი გააკეთა ასევე საქართველოსა და რუსეთს შორის ჩარჩო ხელშეკრულების თაობაზე, რომელიც მისი თქმით, ბოლო დროს ბაზებზე მოლაპარაკებებმა დაჩრდილა.


მისი თქმით, მოსკოვი ელის თბილისის პასუხს იმ წინადადებებზე, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართულ მხარეს  თებერვალში საქართველოში ვიზიტის დროს გადასცა.


ჩარჩო ხელშეკრულებაზე თბილისი და მოსკოვი ძირითადად უსაფრთხოების საკითხების გამო ვერ თანხმდებიან. მოსკოვს სურს, რომ ხელშეკრულებაში აისახოს იურიდიული ვალდებულება, რომ საქართველო თავის ტერიტორიაზე არ განათავსებს მესამე ქვეყნის ჯარებს. თბილისი კი ამის წინააღმდეგია და მოსკოვს კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს უცხო ქვეყნის ჯარების განთავსების ამკრძალავ კანონს.


“ჩვენ მხედველობაში ვიღებთ ამ პოლიტიკურ განცხადებებს [უცხო ჯარების განუთავსებლობის თაობაზე], მაგრამ ჩვენი სურვილია, რომ მათ იურიდიული ძალა მიენიჭოთ“,  განაცხადა სავოლსკიმ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version