რუსეთის დელეგაცია ცხინვალში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ხვდება

თბილისში მყოფი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე იური ზუბაკოვი და საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ვალერი კენიაკინი დღეს ცხინვალის რეგიონში გამეგზავრნენ, სადაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.


5 ივლისს რუსეთის დელეგაცია კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს გიორგი ხაინდრავას შეხვდა, სადაც ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.


გიორგი ხაინდრავას განცხადებით, შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი ბოლო დროს ცხინვალის რეგიონში გართულებული ვითარების გამოსწორებაზე გაკეთდა.


“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ცხინვალიდან გატაცებული ოთხი ქართველის ბედი და მათი ადგილსამყოფელის დადგენა“, განაცხადა გიორგი ხაინდრავამ.
6 ივნისს ცხინვალიდან ოთხი ქართველი გაუჩინარდა, რომელთა ადგილსამყოფელის შესახებ დღემდე არაფერია ცნობილი.


იური ზუბაკოვის განცხადებით, “მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთგაგება არსებობს… თუმცა საჭიროა ყველა მხარის აზრის გაზიარება, რათა ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნას მიღებული“.


ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლებასთან  შეხვედრის შემდეგ რუსეთის დელეგაცია თბილისში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გელა ბეჟუაშვილს შეხვდება. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version