გალში აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნაზე იმსჯელეს

აფხაზეთის გავლით საქართველო-რუსეთის სარკინიგზო გზის აღდგენაზე გალში გამართულ ქართულ-აფახაზურ შეხვედრაზე, რომელსაც რუსეთისა და გაეროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, გადაწყდა, რომ 11 ივლისს თბილისში გაიმართება ტექნიკური ჯგუფების შეხვედრა, სადაც განისაზღვრება სპეციალისტების შემადგენლობა, რომლებიც შემდგომში დაადგენენ, თუ რა სახის სამუშაოებია ჩასატარებელი სარკინიგზო მიმოსვლის აღდსადგენად.
 
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას ინფორმაციით, თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე  „განისაზღვრება თუ რა არის გასაკეთებლი პირველი ეტაპისთვის“.
 
გიორგი ხაინდრავას თქმით, მომდევნო შეხვედრაზე განისაზღვრება ტექნიკური ჯგუფების უსაფრთხოების საკითხები, რათა მათ სოხუმი–ინგირის სარკინიგზო მონაკვეთზე შეძლონ არსებული მდგომარეობის შესწავლა.
 
„სავარაუდოდ 1 ოქტომბრისთვის უკვე საბოლოოდ განისაზღვრება, თუ რა მოცულობის სამუშაოებია ჩასატარებელი რკინიგზის აღდგენისთვის“, განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ გიორგი ხაინდრავამ, რომელიც გალში გამართულ შეხვედრისას ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
 
მისი თქმით, მიღწეულ შეთანხმებაზე გაფორმდა შესაბამისი ოქმი, სადაც გაწერილია სამოქმედო გეგმები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version