რუსი მინისტრი: აფხაზეთის რკინიგზაზე მოლაპარაკება “რთულია“

საქართველოს, რუსეთის და თვითგამოცხადებული აფხაზეთის ოფიციალური პირები 1 ივლისს აფხაზეთში შეიკრიბებიან და აფხაზეთის გავლით რუსეთ-საქართველოს რკინიგზის რეაბილიტაციის საკითხს განიხილავენ, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“ რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის იგორ ლევიტინის სიტყვებზე დაყრდნობით.


მისი თქმით, აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები “რთულია“. აფხაზური მხარის მონაწილეობით საქართველოსა და რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ამ საკითხზე მოლაპარაკებები მოსკოვში 15 ივნისს დაიწყეს.


“მხარეები 15 ივლისამდე უნდა შეთანხმდნენ ვადებზე, პირობებზე და იმ ჯგუფის წევრებზე, რომლებიც ჩართული იქნებიან სარეაბილიტაციო სამუშაოებში“, განაცხადა იგორ ლევიტინმა.


რუსმა მინისტრმა, რომელიც ამჟამად რუსულ-ქართული სამთავრობათაშორისო კომისიის თანათავმჯდომარეა, განაცხადა, რომ მან შესთავაზა ქართველ თანათავმჯდომარეს, სახელმწიფო მინისტრს ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძეს, რომ ჩატარდეს კომისიის სპეციალური სხდომა თბილისში, რომელიც აფხაზეთის რკინიგზის საკითხს განიხილავს.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version