ხაინდრავა მიესალმება მოსკოვში გამართულ ქართულ–აფხაზურ მოლაპარაკებებს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავამ 16 ივნისს განაცხადა, რომ მოსკოვში გამართულმა ქართულ–აფხაზურმა მოლაპარაკებებმა ხელსაყრელი პირობები შექმნა მხარეებს შორის შემდგომი კოსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის.


სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე, რკინიგზის დეპარტამეტისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგელებთან ერთად 15–16 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას და ვიცე–პრემიერს ლეონიდ ლაკერბაიას შეხვდნენ და რკინიგზის აღდგენისა და დევნილთა დაბრუნების საკითხები განიხილეს.


ხაინდრავამ მოლაპარაკებების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებების “ტონი“ ძალიან კონსტრუქციული იყო, რამაც ხელი შეუწყო  მხარეებს შორის ურთიერთნდობის აღდგენას.


“ჩვენ ფაქტიურად შევთანხმდით შევქმნათ ჯგუფები, რომლებიც ერთობლივად იმუშავებენ დევნილთა [გალის რაიონში] დაბრუნებისთვის საჭირო პირობების შექმნაზე“, განაცხადა ხაინდრავამ. მან აქვე დასძინა, რომ ეს პროცესი ასევე ითვალისწინებს დევნილთა ზუსტ რეგისტრაციას.


მან ასევე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისში ქართული და აფხაზური მხარეები მოაწერენ ხელს ოქმს, რომელიც დაეხმარება დევნილთა ორგანიზებულ დაბრუნებას გალის რაიონში.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version