ლავროვი საზღვრის მონიტორინგის შეწყვეტის მიზეზებზე საუბრობს

დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვის ინიციატივით რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ეუთოს მონიტორინგის შეწყვეტა “პრაგმატული” მოსაზრებებით იყო განპირობებული და ეს ფაქტი არ უნდა აღიქმებოდეს რუსეთისგან, როგორც “პოლიტიკური დივერსია”; ამასთან, დასძინა, რომ უნდა გაგრძელდეს რუსი და ქართველი მესაზღვრეების თანამშრომლობა, რათა “ტერორისტებს პანკისის ხეობის გამოყენების საშულება არ მიეცეთ”, იუწყება 19 იანვარს “რია ნოვოსტი”.


“[სასაზღვრო სფეროში რუსეთ-საქართველოს] თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს, რათა გამოირიცხოს ტერორიტების მიერ პანკისის ხეობის სატრანზიტო მიზნებით და დასასვენებელ ზონად გამოყენების შესაძლებლობა”, განაცხადა სერგეი ლავროვმა.


ეუთოს საზღვრის მონიტორინგის შეჩერების კომენტირებისას ლავროვმა განაცხადა, რომ ეს მისია დაიწყო მაშინ, როცა საზღვარი არასაკმარისად კონტროლირდებოდა. “ახლა ჩვენ მზად ვართ (რუსეთის საზღვრის საქართველოს მონაკვეთი) რუსეთის სასაზღვრო ძალების მეშვეობით ვაკონტროლოთ”, დასძენს ლავროვი.


მისი თქმით, ეუთოს მისიას, რომლის დაფინანსებაც 15 მლნ ევროს შეადგენდა, უფრო “პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური” დატვირთვა ჰქონდა და არა საზღვრის დაცვის ფუნქცია.


“ამ ფულის უფრო ეფექტურად დახარჯვა შეიძლება, მათ შორის საქართველოს მიერ იგივე საზღვრის დაცვის ღონისძიებებზე”, აცხადებს სერგეი ლავროვი.

ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისია, რომელიც 1999 წლიდან რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთებს უწევდა კონტროლს, 2004 წლის 31 დეკემბერს მას შემდეგ შეწყდა, რაც რუსეთმა მის გაგრძელებას ვეტო დაადო. ამ ფაქტს ოფიციალური რუსეთის მხრიდან პანკისის ხეობაში ტერორისტების არსებობის შესახებ ბრალდებების ტალღა მოჰყვა, რამაც საქართველოს პროტესტი გამოიწვია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 18 იანვარს რუსეთს “ორმაგ სტანდარტებში” დასდო ბრალი. ბურჯანაძის განცხადებით, რუსეთი ერთის მხრივ, ვეტოს ადებს ეუთოს საზღვრის მონიტორინგის მისიის გაგრძელებას და მეორეს მხრივ, საქართველოში ჩეჩენი მებრძოლების არსებობაზე საუბრობს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version