ნატო საქართველოს პარტნიორობის სამოქმედო გეგმას მიესალმება

ნატოს  პოლიტიკურმა და სამხედრო-პოლიტიკურმა წამყვანმა კომიტეტებმა 14 ოქტომბერს განიხილეს საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის პროექტი (IPAP), ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 15 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში. 


“განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ნატოს წევრმა ქვეყნებმა და საქართველოს წარმომადგენლებმა. უკლებლივ ყველა გამომსვლელი მიესალმა საქართველოსა და ნატოს ერთობლივ ძალისხმევას IPAP-ის მომზადების საქმეში, მაღალი შეფასება მისცა დოკუმენტის პროექტს და დამტკიცებისთვის მზად მიიჩნია. ამასთან, დელეგაციათა დიდმა ნაწილმა გამოთქვა მზადყოფნა კონკრეტული დახმარება გაუწიოს საქართველოს IPAP-ით გათვალისწინებული სხვადასხვა ამოცანების შესრულებაში“, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  


უახლოეს მომავალში ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის პროექტი (IPAP) გადაეცემა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, რომელმაც საბოლოოდ უნდა დაამტკიცოს წარდგენილი დოკუმენტი, რის შემდეგაც დაიწყება სამოქმედო გეგმის განხორციელება.


IPAP-ის განხორციელების პროცესის შუალედური შეფასებისთვის ნატოს ექსპერტთა ჯგუფი 2005 წლის თებერვალ-მარტში ეწვევა საქართველოს, ხოლო დოკუმენტის განხორციელების შემდგომი შეფასება 2006 წლისათვის არის დაგეგმილი.


გეგმა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმას და ნატოს დახმარებით მის განხორციელებას ეხება, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს პრეზიდენტმა სააკაშვილმა აპრილში, ბრიუსელში ვიზიტის დროს წარუდგინა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version