“გაზპრომთან” საქართველოს გარიგებამ აშშ-ის ადმინისტრაცია გააკვირვა

(თბილისი, 26 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ს პრეზიდენტის პირადი მრჩეველი კასპიის ენერგეტიკულ საკითხებში სტივენ მანი გაკვირვებულია საქართველოსა და რუსეთის გაზგამანაწულებელ კომპანია “გაზპრომს” შორის ხელმოწერილ დოკუმენტის გამო.

“ამის შესახებ “გაზპრომის” ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციიდან გავიგე. ასეთი ხელშეკრულებების გაფორმება ყოველთვის გამჭირვალედ უნდა ხდებოდეს”, – განაცხადა სტივენ მანმა.

გაზპრომსა და საქართვლოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შორის ხელშეკრულებას ხელი მოსკოვში 1 ივლისს მოეწერა, რომლის მიხედვით, კომპანია საქართველოს ბუნებრივი აირით მოამარაგებს, სარეაბილიტაციო სამუშაობს ჩაატარებს ბუნებრივი აირის ცენტრალურ მაგისტრალზე და ასევე შესაძლებელია მოხდეს ბუნებრივი აირის ტრანზიტი თურქეთში.

მოლაპარაკებები ამის თაობაზე ჯერ კიდევ მაისში “გაზპრომის” აღმასრულებელი დირექტორის ალექსანდრე მილერის თბილისში ვიზიტის დროს დაიწყო. ამ მოლაპარაკების წინააღმდეგ გამოდიოდა აშშ-ს მთავრობა. ამას თბილისში 5-6 ივნისს თავად სტივენ მანის ჩამოსვლა მოჰყვა, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა, რომ ამ მოლაპარაკებას შესაძლოა “საუკუნის პროექტის” – შაჰდენიზის გაზსადენის პროექტის განხორციელების შეფერხება მოჰყვეს. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამ რისკზე არ წავიდოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version