სახელმწიფო მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის კონსულტაციები საარჩევნო თემაზე

(თბილისი, 30 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა და რომელზეც ერთადერთი საკითხი, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა უნდა განიხილონ.

ბურჯანაძესთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და რომელსაც პრეზიდენტ შევარდნაძის საპარლამენტო მდივანი მარიამ ცაცანაშვილიც ესწრებოდა, ავთანდილ ჯორბენაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სახელისუფლებო ბლოკი მზად არის კომპრომისებისთვის.

მისი თქმით, ხელისუფლება მზადაა, რომ სახელისუფლებო ბლოკი უმცირესობაში იყოს საარჩევნო კომისიებში და ოპოზიციური პარტიები კი უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილნი. თუმცა სახელმწიფო მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა დონის კომისიებზე ლაპარაკობდა, ცენტრალურზე თუ ქვედა დონის კომისიებზე, ასევე არც შესაძლო კვოტები დაუსახელებია, რადგან კონსულტაციები გრძელდება.

ჯორბენაძის თქმით, “ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოვახერხოთ სამართლიანი არჩევნების ჩატარება და დავანახოთ საქართველოს და მსოფლიოს, რომ ოპოზიციას და ხელისუფლებას საერთო ენის გამონახვა და თანამშრომლობა შეუძლიათ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version