თავდაცვის სამინისტროს კოლეგიამ 6 თვის შედეგები შეაჯამა

(თბილისი, 10 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – 10 ივლისს თავდაცვის სამინისტროში კოლეგიის სხდომაზე გასული 6 თვის სამუშაო გეგმის შესრულების შესახებ იმსჯელეს. თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის თქმით, სხომაზე მოსმენილი იყო დეტალური ინფორმაცია გენერალური შტაბისა და სარდლებისგან სამხედრო ნაწილებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

“სამხედრო საბჭომ გადაწყვიტა, მივმართოთ პრეზიდენტს, რათა არსებული ინფორმაციის მოსმენა მოხდეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ის რაც გაკეთდა საკმარისი არ არის”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით თევზაძემ.

მისთვის ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის ბიუჯეტის სეკვესტრის შემთხვევაში რა რაოდენობის თახები ჩამოეჭრება მის უწყებას.

“ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მასში შეჭრის კომპეტენცია კი ჩვენ არ გვაქვს”, – განაცხადა დავით თევზაძემ.

მისი თქმით, დაფინანსების შემცირების შემთხვევაში ხელი არ შეეშლება “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის განხორციელებას.
 
დავით თევზაძის ინფორმაციით, უწყების 6 თვის დაფინანსება 62%-ით შესრულდა. დავალიანება დაახლოებით 10 მლნ ლარს აღწევს. წელს ბიუჯეტიდან 34 მლნ ლარამდე იყო გამოყოფილი თავდაცვითი უწყების დასაფინანსებლად.

ბიუჯეტის სეკვესტრის აუცილებლობის საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული დასკვნების შემდეგ დადგა. წინასწარი ინფორმაციით, ძალოვანი უწყებების დაფინანსება 20 მლნ ლარით მცირდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version