პარლამენტმა საქართველო-ქუვეითის სამხედრო ხელშეკრულება განიხილა

(თბილისი, 18 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა საქართველოს სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის სტატუსის თაობაზე ქუვეითთან დადებული ხელშეკრულება განიხილა.

“შემდგომი ნაბიჯი ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას პარლამენტისადმი მე-4 მექანიზებული დივიზიის ხელმძღვანელობით ქართული ასეულის ერაყში გაგზავნის თაობაზე”, – განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმა დღევანდელ სხდომაზე.

ექსპერტთა თქმით, ქუვეითთან ხელშეკრულება დაიდო როგორც სატრანზიტო ქვეყანასთან ერაყის მიმართულებით.

ქუვეითთან დადებული ხელშეკრულება საქართველოს პარლამენტის მიერ 2003 წლის მარტში რატიფიცირებული საქართველო-ამერიკის სამხედრო ხელშეკრულების ანალოგიურია. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ექნებათ უფლება შევიდნენ და დატოვონ ქვეყანა ვიზებისა და პასპორტების გარეშე, მხოლოდ სამხედრო ან სამთავრობო ბარათების გამოყენებით.

ქართველ სამხედროებს ასევე ექნებათ საელჩოების ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის პრივილეგიები და იმუნიტეტი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ასეულის შემადგენლობაში შევა კოჯრის სპეციალური ბრიგადის ერთი ოცეული, ასევე საინჟინრო და სამედიცინო პერსონალი. 

ამ საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა მოგვიანებით გაიმართება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version