რუსმა და დასავლელმა დიპლომატებმა აფხაზეთის თაობაზე იმსჯელეს

(თბილისი, 20 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში ვალერი ლოშინინი 19 მარტს დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, აშშ-ისა და საფრანგეთის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა აფხაზეთში შექმნილი სიტუაციის გარშემო აზრების გაზიარების მიზნით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლოშინინმა სოჭში 6-7 მარტს შემდგარი რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრების ძირითადი შედეგების შესახებ ისაუბრა.

აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის წარმომადგენლებმა, რომლებიც გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის წევრები არიან, განსაკუთრებით აღნიშნეს გალის რაიონში დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების აუცილებლობა და ამ რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციის მნიშვნელობა.

სოჭის შეხვედრაზე პრეზიდენტები შევარდნაძე და პუტინი სამუშაო კომისიების შექმნის შესახებ შეთანხმდნენ, რომლებიც ამ პრობლემების მოგვარების თაობაზე იმუშავებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version