არასამთავრობო ორგანიზაციები უშიშროების კანონპროექტს აპროტესტებენ

(თბილისი, 19 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – არასამთავრობო ორგანიზაციები პროტესტს გამოთქვამენ საქართველოს უშიშროების სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტს “ექსტრემისტულ და უცხოურ კონტროლს დაქვემდებარებულ ორგანიზაციათა და გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერების, მათი ლიკვიდაციის და აკრძალვის შესახებ.”

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომ კანონპროექტი “ქვეყანაში თავისუფალი აზრისა და დამოუკიდებლად მოღვაწე ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებისა და ლიკვიდაციის ყველა დღემდე წამოწყებულ ინიციატივაზე უფრო თავხედურია.”

კანონპროექტში “უცხოურ კონტროლს დაქვემდებარებული საქმიანობა” განმარტებულია როგორც  ისეთი “ორგანიზაციის ან პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობა, რომელიც უცხო სახელმწიფოსაგან, უცხოეთის ან საერთაშორისო ორგანიზაციისაგან ან მათი წარმომადგენლისაგან, ანდა კერძო პირისაგან ითხოვს ან ღებულობს ფინანსურ შემოწირულობებს, სესხებს ან ნებისმიერი სახის დახმარებას, პირდაპირ ან არა-პირდაპირ, ანდა აქვს ურთიერთობა უცხო სახელმწიფოსთან, უცხოეთის ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან ან მათ წარმომადგენელთან ანდა კერძო პირთან.

ახალგაზრდნა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “საქართველოში მოღვაწე ნებისმიერი ცნობილი არა-სამთაბრობო ორგანიზაცია და პოპულარული მას-მედიის საშუალება, ისევე როგორც ნებისმიერი პოლიტიკური პარტია დამარცხდება კანონ-პროექტით დადგენილი ტესტის ჩაბარებაში და აკრძალვის თუ არა, საქმიანობის 6 თვით შეჩერების რეალური საფრთხის წინაშე მაინც აღმოჩნდება.”

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები გამართავენ შეხვედრას, რომლის დროსაც აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოხატავენ შეშფოთებას და პროტესტს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version