რჩეულიშვილი ვლადიკავკაზში ძასოხოვს ხვდება

(თბილისი, 5 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს ვლადიკავკაზში პრეზიდენტ შევარდნაძის პირადი წარმომადგენელი ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ვახტანგ რჩეულიშვილი ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტს ალექსანდრ ძასოხოვს ხვდება.

“შეხვედრა კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებს მიეძღვნება. ველი, რომ ეს შეხვედრა ნაყოფიერი იქნება. მე მიმაჩნია, რომ კონფლიქტის მოწესრიგება მხოლოდ მოლაპარაკებების გზით არის შესაძლებელი. ეს წელი ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის წლად არის გამოცხადებული”, – უთხრა რჩეულიშვილმა “სივილ ჯორჯიას” 4 თებერვალს.

რჩეულიშვილი უახლოეს მომავალში ასევე აპირებს გამგზავრებას მოსკოვშიც, სადაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე გამართავს შეხვედრებს.

კონფლიქტი ცხონვალის რეგიონში გაყინულია 1992 წლის შემდეგ, როცა საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ რეგიონზე კონტროლი დაკარგა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version