პუტინი და შევარდნაძე რუს მშვიდობისმყოფელთა საკითხს განიხილავენ

(თბილისი, 28 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – “რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის საკითხის გადაწყვეტისთვის”, განუცხადა 28 იანვარს “სივილ ჯორჯიას” კორესპონდენტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

შევარდნაძისა და პუტინის შეხვედრა შედგება დსთ-ის ქვეყნების ლიდერთა არაფორმალური სამიტის მსვლელობისას, რომელიც უკრაინაში იმართება 28-29 იანვარს.

“დღესდღეობით აფხაზეთში მყოფი რუსეთის სამშვიდობო ძალები დევნილთა გალის რაიონში დაბრუნების გარანტიასაც კი ვერ იძლევიან, ამგვარად კონფლიქტის ზონაში მათი ყოფნის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს”, – თქვა ნინო ბურჯანაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ “სივილ ჯორჯიას” განუცხადა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებს მანდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაუხანგრძლივდეთ, თუ რუსეთი შეწყვეტს რუსეტის მოქალაქეობის გაცემას აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობაზე და შეწყვეტს ახლახანს განახლებულ სარკინიგზო მიმოსვლას სეპარატისტების მიერ მართვად რეგიონთან.

“ჩვენ ასევე მოვითხოვთ სამშვიდობო ოპერაციის ფორმატია გაფართოებას მტლიანად გალის რაიონზე, რათა დევნილებმა გალის რაიონში მაინც მოახერხონ დაბრუნება. ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში რუსეთის სამშვიდობო ძალებმა უნდა დატოვონ კონფლიქტის ზონა”, – თქვა ბურჯანაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version