თეირანი უარყოფს ქართველი ბირთვული სპეციალისტების ყოფნას ირანში

(თბილისი, 17 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – ირანის თავდაცვის მინიტრმა ალი შამჰანიმ 15 იანვარს განაცხადა, რომ ბირთვული ენერგეტიკის ქართველი სპეციალისტები ირანში არ იმყოფებიან, როგორც ამის შესახებ პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა.

“ირანში იმყოფებიან ქართველი ტექნიკოსები, რომლებიც “სუ-25″ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შეკეთებაზე მუშაობენ, მაგრამ აქ არ იმყოფებიან არანაირი ბირთვული ენერგეტიკის ან კოსმოსური სფეროს ინჟინრები და სპეციალისტები”, – აცხადებენ ირანული საინფორმაციო საშუალებები შამჰანის სიტყვებზე დაყრდნობით.

13 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ ირანში კერზო კონტრაქტებით მუშაობს მრავალი ქართველი მეცნიერი და სპეციალისტი, მათ შორის ბირთვული ფიზიკისა და ავიაციის სპეციალისტებიც.

შევარდნაძის თქმით, საქართველომ აშშ-ის ადმინისტრაციას აცნობა, რომ სოხუმის ფიზიკის ინსტიტუტის რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი ირანში მუშაობს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს ისე, რომ “არ გაფუჭდეს ურთიერთობები როგორც ირანთან, მაგრამ ამავე დროს არც აშშ-ის განსაკუთრებული მღელვარების საბაბი არ უნდა გახდეს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version